მეოთხე მეფეთა. Chapter 20

1 იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები, ვერ გადარჩები.
2 კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიამ და შეევედრა უფალს:
3 უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია.
4 შიდა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა.
5 გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში.
6 კიდეც თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის.
7 თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა.
8 უთხრა ხიზკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?
9 თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?
10 თქვა ხიზკიამ: ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა; არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!
11 შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით.
12 ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიას წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკია.
13 მიიღო ისინი ხიზკიამ და დაათვალიერებინა მთელი თავისი საგანძური: ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთი, საჭურველის სახლი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა; ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიას.
14 მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და უთხრა: რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან? მიუგო ხიზკიამ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.
15 თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ხიზკიამ: ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.
16 უთხრა ესაიამ ხიზკიას: ისმინე უფლის სიტყვა:
17 აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი.
18 წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ; და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.
19 უთხრა ხიზკიამ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა. შენ რომ წარმოთქვი. თქვა: იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე.
20 ხიზკიას დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, წყალსატევი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა. იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21 განისვენა ხიზკიამ თავის მამა-პაპასთან. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე გამეფდა.