იესო ნავეს ძე. Chapter 20

1 ელაპარაკა უფალი იესოს:
2 დაელაპარაკე და უთხარი ისრაელიანებს: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკებოდით მოსეს პირით,
3 რომ გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც შეცდომით, უნებურად შემოაკვდება კაცი. თავშესაფარად გქონდეთ შურისმაძიებლისგან.
4 გაიქცეს ერთ-ერთ ქალაქში, დადგეს კარიბჭესთან და ხმამაღლა გამოუცხადოს ამ ქალაქის უხუცესებს თავისი ამბავი. ისინიც მიიღებენ მას თავისთან, ქალაქში და მისცემენ ადგილს, რომ მათთან იცხოვროს.
5 თუ დაედევნა შურისმაძიებელი, არ უნდა ჩაუგდონ მას ხელში მკვლელი, რადგან მისდაუნებურად შემოაკვდა თავისი ახლობელი. არ სჭირებია მისი ჯავრი არც გუშინ, არც გუშინწინ.
6 იცხოვრებს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარუდგება საზოგადოებას სამსჯავროზე, ვიდრე იმ ხანების მღვდელმთავარი არ მოკვდება. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა.
7 გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბე ანუ ხებრონი, იუდას მთაზე.
8 იორდანეს გაღმა, იერიხონის პირდაპირ აღმოსავლეთით დაადგინეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენის შტოდან, რაბათი გალაადში გადის შტოდან და გოლანი ბაშანში მენაშეს შტოდან.
9 ეს ქალაქებია განკუთვნილი ყველა ისრაელიანასთვის და მდგმურისთვის, რომელიც მდგმურობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს შურისმაძიებლის ხელით, ვიდრე საზოგადოებას წარუდგებოდეს.