იგავნი სოლომონისა. Chapter 22

1 რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი - ვერცხლზე და ოქროზე.
2 მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან - ორთავეს შემქმნელი კი უფალია.
3 გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
4 თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა.
5 უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას.
6 ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.
7 მდიდარი უპოვარებზე ბატონობს და მოვალე მევალის მონაა.
8 უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის და მრისხანების კვერთხი გაუტყდება.
9 კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან ღარიბს თავისი პურიდან გაიკითხავს.
10 გააგდე ზნეწამხდარი და შუღლიც გაჰყვება, დავას და ლანძღვასაც ბოლო მოეღება.
11 ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.
12 უფლის თვალები ცოდნას მფარველობს, ორგულის სიტყვებს კი იგი უკუაგდებს.
13 ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები მოკლულიო.
14 როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება მასში.
15 ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს, მაგრამ შეგონების კვერთხი იქიდან გამოსდევნის.
16 ერთნი ღარიბ-ღატაკს ავიწროებენ და მდიდრდებიან, სხვანი მდიდარს აძლევენ და თავად ღატაკდებიან.
17 ყური დამიგდე, მოისმინე ბრძენკაცთა სიტყვები და ცოდნისკენ მოაქციე გული,
18 რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული.
19 რომ სასოება გქონდეს უფალში, დღესვე შენც გასწავლი.
20 ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა,
21 ჭეშმარიტების სწორ სიტყვათა შენთვის საუწყებლად, რათა შენს მომავლინებლებთან ჭეშმარიტების სიტყვები მიგეტანა?
22 ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ;
23 რადგან უფალი გამოესარჩლება მათ და მის მძარცველთა სულს გასძარცვავს.
24 ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები;
25 რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო.
26 ნუ იქნები იმათთაგანი, ვინც ვალს იღებს და გადახდის პირობას დებს.
27 როცა გადასახდელი არაფერი გექნება, რისთვის უნდა გამოგაცალონ ქვეშაგები?
28 შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი.
29 თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე.