დანიელ წინასწარმეტყველი. Chapter 8

1 მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა.
2 ვნახე ხილვა და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი.
3 თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას; ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი; ერთი რქა მეორეზე- გრძელია, თუმცა გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.
4 დავინახე, თუ როგორ ირქინებოდა ეს ერკემალი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ; წინ ვერავინ ეღობებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისი ხელიდან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას სჩადიოდა და დიდგულობდა.
5 როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ფაჩვნიერთ ვაცი მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა რქა ჰქონდა.
6 მოდიოდა იგი იმ ორრქიანი ერკემლისკენ, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და დიდი გაშმაგებით დაეძგერა მას.
7 დავინახე, რომ მიუახლოვდა ერკემალს, გამძვინვარდა მასზე, დაეძგერა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ მას გამკლავებოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გათელა; და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან.
8 მაშინ ძალზე განდიდდა ფაჩვნიერი ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.
9 ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
10 იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი.
11 იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი.
12 მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა.
13 გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ამბობდა: როდემდე გასტანსო ეს ხილვა მუდმივი მსხვერპლისა და გატიალების ცოდვის შესახებ, ანდა საწმიდარი და მხედრობა როდის იქნებაო დათრგუნული?
14 მიპასუხა: ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი.
15 როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, წინ კაცის აჩრდილი გადამიდგა
16 და გავიგონე ადამიანის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!
17 იგი იმ ადგილას მოვიდა, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა საბოლოო ჟამს შეეხებაო.
18 ის რომ მელაპარაკებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი; მაშინ ის შემეხო და ჩემ ადგილას დამაყენა.
19 მერე მითხრა: აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადას შეეხება.
20 ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია.
21 ხოლო ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.
22 ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა - ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ.
23 მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე.
24 განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს.
25 გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.
26 ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ შენ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი.
27 მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და სამეფო საქმეებს შევუდექი. შეძრწუნებული კი ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერავინ შემამჩნია.