იერემია წინასწარმეტყველი. Chapter 43

1 როცა ბოლომდე გამოუცხადა იერემიამ ხალხს უფლის, მათი ღვთის სიტყვები, რაც დააბარა მას უფალმა, მათმა ღმერთმა მათთვის სათქმელად,
2 მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად.
3 არამედ ბარუქ ნერიას ძემ წაგაქეზა ჩვენს წინაღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვაგდოს, რომ ამოგვწყვიტონ ან ბაბილთნში გადაგვასახლონ.
4 არ ისმინეს იოხანან კარეახის ძემ და მხედართმთავრებმა უფლის ხმა, რომ ქვეყანაში დარჩენილიყვნენ.
5 წაიყვანეს იოხანან ვარეახის ძემ და მხედართმთავრებმა იუდას ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული იყო -
6 კაცები და ქალები, ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გედალია ახიკამის ძესთან, შაფანის ძესთან, დატოვა (მათ შორის იყვნენ იერემია და ბარუქ ნერიას ძე) -
7 და გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისკენ; არ გაიგონეს უფლის ხმა და თახფანხესში მივიდნენ.
8 იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი თახფანხესში;
9 აიღე ხელში დიდი ქვები და იუდაელთა თვალწინ ჩამარხე მოზელილ თიხაში, აგურის გამთსაწვავ ქურაში, ფარაონის სასახლის შესასვლელთან რომ არის, თახფანხესში.
10 უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ვაგზავნი, რომ მოვაყვანინო ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ჩემი მორჩილი, რომ დავუდგა ტახტი ამ ქვებზე, რომლებიც მე ჩავმარხე. მის ზემოთ გადაშლის იგი თავის ჩარდახს.
11 მოვა და დაამარცხებს ეგვიპტის ქვეყანას. ვინც სასიკვდილოა, მოკვდება; ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ წაიყვანენ; ვინც მახვილის წერაა, მახვილს მიეცემა.
12 ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთების სახლებს; ის დაწვავს მათ და ტყვედ წაასხამს. გადაიცვამს ეგვიპტის ქვეყანას, როგორც მწყემსი თავის ტყაპუჭს და წავა იქიდან დამშვიდებით.
13 დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ არის, და ცეცხლში დაწვავს ეგვიპტელი ღმერთების სახლებს.