იერემია წინასწარმეტყველი. Chapter 36

1 იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს იყო უფლისგან ეს სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
2 აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე.
3 იქნებ შეაფიქრიანოს იუდას სახლი ყველა უბედურებამ, რის ქმნასაც ვუპირებ მათ, იქნებ მიატოვონ თავიანთი ბოროტი გზა და ვაპატიო დანაშაული და შეცოდება.
4 უხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას კარნახით უფლის ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერემიასთვის უფალს.
5 დაავალა იერემიამ ბარუქს: მე დამწყვდეული ვარ, არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა.
6 შენ თვითონ წადი უფლის სახლში და, მარხვის დღეს, ხალხის გასაგონად წაიკითხე ეს გრაგნილი, რომელზეც ჩემი კარნახით გაქვს უფლის სიტყვები დაწერილი; მთელი იუდას ხალხის და მისი ქალაქვბიდან მოსულთა გასაგონად წაიკითხე.
7 იქნებ მისწვდეს მათი მუდარა უფალს და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და წყრომა, რითაც დააშინა უფალმა ეს ხალხი.
8 ყველაფერი ისე გააკეთა ბარუქ ნერიას ძემ, როგორც დაავალა მას იერემია წინასწარმეტყველმა, რომ წაეკითხა წიგნიდან უფლის სიტყვები უფლის სახლში.
9 იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, გამოუცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მთელს ხალხს და ყველას, ვინც კი იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში იყო მოსული.
10 წაიკითხა ბარუქმა წიგნიდან მთელი ხალხის გასაგონად იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას, შაფან მწერლის ძის ოთახში, რომელიც მდებარეობდა ზემო ეზოში, უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან.
11 გაიგონა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის სიტყვები, წიგნიდან წაკითხული,
12 ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი, ელიშამაყ მწერალი, დალაია შემაყიას ძე, ელნათან ყაქბორის ძე, გემარია შაფანის ძე, ციდკია ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
13 მოახსენა მათ მიქაიამ ყოველი სიტყვა, რაც გაიგონა, როცა ბარუქი წიგნიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.
14 მაშინ გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი, ნეთანიას ძე, შელამიას ძე, ქუშის ძე და შეუთვალეს: აიღე ხელში გრაგნილი, რომელსაც ხალხის გასაგონად კითხულობდი, და მოდი. აიღო ბარუქ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მივიდა მათთან.
15 უთხრეს: დაჯექი და წაიკითხე ჩვენს გასაგონად. წაიკითხა ბარუქმაც მათ გასაგონად.
16 როცა მოისმინეს ყოველი სიტყვა, შეეშინდათ ერთმანეთის და უთხრეს ბარუქს: გვითხარი, რატომ ჩაიწერე მისი კარნახით ეს სიტყვვბი?
18 უთხრა მათ ბარუქმა: თავად მკარნახობდა ამ სიტყვებს და მეც ვიწერდი წიგნში მელნით.
19 უთხრეს მთავრებმა ბარუქს: წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, კაციშვილმა არ გაიგოს თქვენი სამყოფელი!
20 ეახლნენ კარზე მეფეს (გრაგნილი კი ელიშამაყ მწერლის ოთახში შეინახეს) და მოახსენეს მეფეს ყოველი სიტყვა.
21 გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ იგი ელიშამაყ მწერლის ოთახიდრ და წაიკითხა მეფისა და ყველა მთავრის გასაგონად, ვინც მეფესთან იდგა.
22 ხოლო მეფე საზამთრო სასახლეში იჯდა, რადგან მეცხრე თვე იყო, და მის წინ მაყალი ენთო.
23 წაიკითხავდა თუ არა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის დანით და ჩააგდებდა ცეცხლში, მაყალში რომ ენთო, ვიდრე მთელი გრაგნილი მთლიანად არ დაიწვა მაყალის ცეცხლში.
24 არ შეშინებულან, არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფეს და მის მორჩილთ, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
25 კიდეც ევედრებოდნენ მეფეს ელნათანი, დელაია და გემარია, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ გაუგონა მათ.
26 უბრძანა მეფემ უფლისწულ იერახმიელს, სერაია ყაზრიელის ძეს და შელემია ყაბდიელის ძეს, მოეყვანათ მწერალი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია. მაგრამ უფალმა დაიფარა ისინი.
27 იყო უფლის სიტყვა ირემიას მიმართ ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი და ყოველი სიტყვა, რომელიც დაწერილი ჰქონდა ბარუქს იერემიას კარნახით:
28 აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყოველი სიტყვა, რაც იმ პირველ გრაგნილზგ ეწერა, რომელიც იუდას მეფემ, იეჰოაკიმმა დაწვა.
29 თქვი იეჰოაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უეჭველად მოვა ბაბილონის მეფე, ამოაგდებს ამ ქვეყანას, ამოაგდებს ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელსო?
30 ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰთაკიმ იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას შთამომავალი, დავითის მოსაყდრე. ეგდება მისი გვამი დღის ხვატში და ღამის ყინვაში.
31 დავსჯი მას, მის მოდგმას და მის მორჩილებს მათი დანაშაულის გამო; მოვუვლენ მათ - იერუსალიმის ყველა მცხოვრებს და იუდას ხალხს ყველა უბედურებას, რითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არ ესმოდათ.
32 აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა.