იერემია წინასწარმეტყველი. Chapter 33

1 იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მეორეგზის, როცა ჯერ კიდევ საყრობილეში იყო დამწყვდეული.
2 ასე ამბობს უფალი, რომელმაც შექმნა მიწა, და უფალი, რომელმაც გამოსახა იგი, რათა დაეფუძნებინა. უფალია მისი სახელი.
3 დამიძახე და პასუხს გაგცემ და გამოგიცხადებ დიდსა და მიუწვდომელ რასმე, რაც აქამდე არ იცოდით.
4 რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფის სახლებზე, რომლებიც დაინგრა მიწაყრილებისა და მახვილის წინაშე,
5 როცა მოვიდნენ ქალდეველები საბრძოლველად და მათ ასავსებად ადამიანთა გვამებით, რომელნიც მე გავწყვიტე რისხვითა და წყრომით, რადგან მათი ბოროტების გამო პირი შევაქციე ამ ქალაქს.
6 აჰა, შევუხორცებ მას ჭრილობას და განვკურნავ, მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს;
7 დავაბრუნებ იუდას და ისრაელის წარტაცებულს და წინანდებურად ავაშენებ მათ.
8 გავწმედ მათ ყოველგვარი დანაშაულისგან, რითაც შემცოდეს, და ვაპატიებ ყოველგვარ დანაშაულს, რითაც შემცოდეს და განმიდგნენ.
9 სიხარულის წყაროდ იქცევა ჩემთვის იერუსალიმი და საქებ-სადიდებლად - ქვეყნის ხალხებისთვის, რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთეს, რასაც გავუკეთებ მას. შეშინდებიან და თავზარი დაეცემათ ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან.
10 ასე ამბობს უფალი: კვლავ გაისმება ამ ადგილას, რომლის გამოც ამბობთ, გაუდაბურდაო, არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, - იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, აწ უკაცრიელში, სადაც არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებს,
11 ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.
12 ასე ამბობს ცაბაოთ უდგლი: ამ გაუდაბურებულ ადგილზე და მის ქალაქებში, სადაც არ ჭაჭანებს არც ვაცი, არც პირუტყვი, კვლავ გაჩნდება მწყემსთა ბინები, მათი ჯოგის სადგომები.
13 მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში, ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში და იუდას ქალაქებში კვლავ გაივლის ცხვარი მისი დამთვლელის ხელში, ამბობს უფალი.
14 აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა უნდა ავახდინოთ სასიკეთო სიტყვა, რასაც ისრაელის სახლს და იუდას სახლს დავპირდი.
15 იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
16 იმ ხანებში თავს დაიხსნის იუდა და საიმედოდ დამკვიდრდება იერუსალიმი და ეს იქნება მისი სახელი: უფალი ხსნაა ჩვენი.
17 რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე.
18 არ მოაკლდებათ ლევიანთა მღვდლებს მემკვიდრე, ჩემს წინაშე აღსავლენის შემწირველი, ძღვენის მკმეველი და საკლავის მიმტანი სამარადისოდ.
19 იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
20 ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,
21 მაშინ დაირღვევა ჩემი აღთქმაც დავითთან - ჩემს მორჩილთან, რომ აღარ ეყოლოს ძე მის ტახტზე გასამეფებელი, და ლევიან მღვდლებთან - ჩემს მსახურებთან.
22 როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.
23 იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
24 ხომ დაინახე, რას ამბობს ეს ხალხი: მოიშორაო უფალმა თავისი რჩეული ორი ტომი? ისე შეიძულეს ჩემი ერი, რომ ხალხადაც აღარ მიაჩნიათ.
25 ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის,
26 მაშინ იაკობისა და დავითის - ჩემი მორჩილის მოდგმასაც მოვიძულებდი და არ ავიყვანდი მისი თესლიდან ხელმწიფეებს აბრაამის, ისაკის და იაკობის თესლისთვის, რადგან ვაპირებ დავაბრუნო მათი წარტყვევნილნი და შევიწყალო ისინი.