იოველ წინასწარმეტყველი. Chapter 1

1 უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოველ ფეთუელის ძის მიმართ:
2 ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამა-პაპის დროს?
3 უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი სხვა თაობას:
4 მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა.
5 გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!
6 რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს.
7 გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები.
8 იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!
9 შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი.
10 გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა ღვინო, გახმა ზეთისხილი.
11 გაწბილდნენ მხვნელები, მოთქვამენ მიწისმუშაკები პურზე და ქერზე, რადგან დაიღუპა სამკალი.
12 გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი, ვაშლი და მთელი ხეხილი. ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს.
13 შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი.
14 დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ.
15 ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან.
16 განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო და უფლის სახლში - სიხარული და ლხინი!
17 ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები რადგან გადახმა პური.
18 რად კვნესის პირუტყვი, რად ბღავის ნახირი? რადგან აღარ აქვთ საძოვარი, ცხვრის ფარაც შეშფოთებულია.
19 შენ შეგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები.
20 ველის მხეცებიც შენ შემოგყურებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები.