ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 18

1 ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!
2 ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ!
3 ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ!
4 რადგან ასე მითხრა უფალმა: მე მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამყოფლიდან ხვატის კაშკაშივით მოწმენდილზე, ნამის ღრუბელივით მკის პაპანებაში;
5 რადგან რთველის წინ, როცა გადასული იქნება ყვავილობა და ნაყოფი დამწიფებული, დანით აკაფავს ლერწმებს და ყლორტებს მოაშორებს ვაზს.
6 ყველაფერი მთის ონავარ ფრინველებს და მიწის მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ იქ ონავარი ფრინველები და მიწის ყოველი მხეცი იქ დაიზამთრებს.
7 იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი, ხალხი დამთრგუნველი და გამთელავი, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ.