ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 56

1 ასე ამბობს უფალი: შეინახეთ რჯული და ქმენით სამართალი, რადგან სადაც არის, მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სამართალი გაცხადდება.
2 ნეტარია ის კაცი, ვინც აკეთებს ამას და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება; უმწიკვლოდ შემნახველი შაბათისა და ყოველი ავის ქმნისგან ხელის დამყენებელი.
3 ნუ იტყვის უცხოს შვილი, უფალს მიკრული, უფალმა ჩემს ხალხს მომწყვიტაო, და ნუ იტყვის საჭურისი, აჰა, გამხმარი ხე ვარო,
4 რადგან ამბობს უფალი: საჭურისებს, რომლებიც ინახავენ ჩემს შაბათებს, ირჩევენ ჩემთვის სასურველს და მტკიცედ უჭირავთ ჩემი აღთქმა,
5 მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება.
6 უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის მტკიგედ დამჭერს,
7 მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა.
8 ამბობს უფალი ღმერთი, გაფანტული ისრაელის შემკრები: კიდევაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილებს.
9 ველის მხეცებო და ტყის მხეცებო, ყველანი მოდით და ჭამეთ!
10 დარაჯები ბრმები არიან ყველანი, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, ყეფა არ შეუძლიათ, თვლემენ, ძირს ყრიან, ძილის მოყვარულნი.
11 ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს.
12 მოდით, ვიშოვი ღვინოს და დავთვრეთო სასმელით; დღესაც გვეყოფა და ხვალისთვისაც ბევრი დარჩებაო!