ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 47

1 ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი.
2 აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი; მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე წვივები და გადადი მდინარეებზე.
3 გაშიშვლდება შენი სარცხვინელი და გამოჩნდება შენი აუგი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს.
4 ჩვენი მხსნელი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის წმიდაა.
5 იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი.
6 განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე ჩემი წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი; არ მოეპყარი მათ სიბრალულით, მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი.
7 შენ კი თქვი: საუკუნოდ ვარო ქალბატონი! გულთან არ გაგიკარებია ეს ამბები, არ გიფიქრია მათ აღსასრულზე.
8 ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო, მშვიდად რომ ზიხარ და გულში ფიქრობ: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და არც შვილმკვდარი ვიქნებიო.
9 მოვა შენზე წამისყოფით ერთ დღეს ეს ორივე, შვილმკვდარობა და ქვრივობა. სრულად გეწევა შენ ეს, არ გიშველის შენი ურიცხვი გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები.
10 შენი სიავის იმედი გქონდა, ამბობდი: არავინ არის ჩემი დამნახავიო. შენი სიბრძნე და ცოდნა გაცთუნებდა და ამბობდი გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო.
11 გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ.
12 იდექი შენს ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე.
13 დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან!
14 აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან; ნაკვერცხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მის წინ დასაჯდომად!
15 ასე იქნებიან შენთვის ისინი, ვისთანაც შრომობდი და სავაჭროდ დადიოდი სიყმაწვილიდანვე. ყველა თავის გზაზე წახეტიალდება, შენი მშველელი კი არავინ იქნება.