ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 34

1 ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა!
2 რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა.
3 მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან.
4 დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს.
5 რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად.
6 უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე.
7 კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი.
8 რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის.
9 მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.
10 არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ.
11 ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს.
12 მისი აზნაურნი სამეფოს ვერ გამოაცხადებენ იქ; მისი მთავარნი გადაშენდებიან.
13 მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი - მის ციხე-სიმაგრეებში, ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად.
14 ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს.
15 აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ.
16 მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა.
17 მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკკიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ.