ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 31

1 ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან.
2 მაგრამ ბრძენია ის და უბედურება მოაქვს. არ გადათქვამს თავის სიტყვებს, წინ აღუდგება უკეთურთა სახლს და ავისმქმნელთა შემწეობას.
3 კაცნია ეგვიპტელნი, არა ღმერთნი; მათი ცხენები ხორცია, არა სული. როცა უფალი მოიქნევს ხელს, წაიფორხილებს შემწე და დაეცემა შეწევნილიც. და ყველანი ერთიანად დაიღუპებიან.
4 რადგან ასე მითხრა უფალმა: როგორც ბრდღვინავს ლომი ან ლომის ბოკვერი თავის მსხვერპლზე, თუნდაც შემოადგეს მწყემსების გუნდი, არ ეშინია მათი ყვირილისა და არც მათ სიმრავლეს უფრთხის - ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე და მის გორაკზე.
5 როგორც ჩიტი ბარტყებს, ასე დაიფარავს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს, დაიფარავს და იხსნის, მოუფრთხილდება და გადაარჩენს.
6 დაუბრუნდით მას, ისრაელიანებო, ვისაც ღრმად განუდექით!
7 რადგან მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს.
8 არკაცური მახვილით დაეცემა აშური და არაადამიანური მახვილი შეჭამს მას; მახვილს გაექცევა, მის ჭაბუკებს კი დაიმონებენ.
9 შიშით ჩაუვლის თავის კლდეს და დაფრთხებიან მისი მთავრები დროშის წინაშე, ამბობს უფალი, რომელსაც ცეცხლი აქვს სიონზე და სახმილი - იერუსალიმში.