ოსია წინასწარმეტყველი. Chapter 11

1 როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.
2 რაც უფრო ვუხმობდი მას, მით უფრო გარბოდა ჩემგან, რომ მსხვერპლი შეეწირა ბაალებისთვის და კერპებისთვის საკმეველი ეკმია.
3 მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ჩემს მკლავებზე მყავდა აყვანილი, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი
4 ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგმის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან, მათზე ვიყავი გადმოხთილი და ვკვებავდი მათ.
5 არ გაბრუნებულან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება.
6 მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი განზრახვების გამო.
7 მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, უღლისკენ მოუწოდებენ, მაგრამ არავინ გადმოუგდებს მას.
8 როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.
9 აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი; მე წმიდა ვარ თქვენს შორის და რისხვით არ მოვალ.
10 უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები.
11 შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, ამბობს უფალი.