ოსია წინასწარმეტყველი. Chapter 14

1 მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები აიკუწებიან და მათი ორსულნი გაიფატრებიან.
2 მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.
3 შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად.
4 ვეღარ გვიხსნის-თქო აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ-თქო ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი.
5 განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.
6 ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.
7 განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.
8 დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს.
9 რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი.
10 ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.