ოსია წინასწარმეტყველი. Chapter 9

1 ნუ მხიარულობ ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღმერთისგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს.
2 კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ.
3 არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში.
4 არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში.
5 რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს?
6 რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მოფი დამარხავს მათ; მისი ვერცხლეულის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში.
7 დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?
8 ეფრემის - ჩემი ღმერთის ერის მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში.
9 ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
10 ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.
11 ეფრემი - ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
12 თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!
13 ეფრემი ვიხილე როგორც მდელოზე დარგული ტვიროსი; მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს.
14 მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი.
15 გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი.
16 დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს.
17 მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.