ზაქარია წინასწარმეტყველი. Chapter 13

1 იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.
2 იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებოდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან.
3 თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო, და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება.
4 იმ დღეს იქნება, რომ გაწბილდებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვებისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს თვალის ასახვევად.
5 იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი კაცი ვარ, რადგან ადამია ჩემთვის მაგალითი სიყრმიდანვე.
6 ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.
7 მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
8 მთელს ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
9 გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩემი ღმერთი.