ზაქარია წინასწარმეტყველი. Chapter 3

1 დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად.
2 უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
3 იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე.
4 მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ.
5 თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა.
6 გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა:
7 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.
8 ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები; რადგან აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს - მორჩს!
9 რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
10 იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.