იოანეს სახარება. Chapter 9

1 იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.
2 მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?
3 მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.
4 ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას.
5 სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ.
6 ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას
7 და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
8 ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა?
9 ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ.
10 მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი?
11 მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი.
12 კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი.
13 და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან.
14 შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა.
15 ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.
16 ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის.
17 კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.
18 არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს
19 და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს?
20 მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა;
21 მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის.
22 ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო.
23 ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო.
24 მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია.
25 ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ.
26 კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი?
27 მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ?
28 მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
29 ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის.
30 მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი.
31 ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს.
32 სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის?
33 ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა.
34 მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი.
35 იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე?
36 მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო?
37 უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის.
38 ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.
39 იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ.
40 ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?
41 უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ.