პირველი მეფეთა. Chapter 17

1 შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი; შეიკრიბნენ იუდას სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში.
2 ხოლო საული და ისრაელი შეგროვდნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად.
3 ფილისტიმელები ერთი მთის ფერდობზე იდგნენ, ისრაელი მეორე მთის ფერდობზე; ხევი იყო მათ შორის.
4 გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე.
5 თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა; ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო.
6 ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა, მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული.
7 მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო; შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა; წინ ფარის მტვირთველი მიუძღოდა.
8 მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ ან თქვენ საულის მორჩილნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მორჩილნი გავხდებით, თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდებით მორჩილებად და გვემსახურებით.
10 თქვა ფილისტიმელმა: სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს.
11 გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად.
12 დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დროს მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული.
13 წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი; ომში წასული მისი ვაჟიშვილების სახელები იყო: პირმშოს ელიაბი, მომდევნოსი - ამინადაბი, მესმესი - შამა.
14 დავითი კი მათზე უმცროსი იყო. წაჰყვა სამი უფროსი საულს.
15 ხოლო დავითი მოდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა ემწყესა მამამისის ფარა ბეთლემში.
16 გამოდიოდა ის ფილისტიმელი დილით და საღამოთი და ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი.
19 საული, ისინი და მთელი ისრაელი მუხნარის ველზე ებრძოდნენ ფილისტიმელებს.
20 დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მოყარაულეს დაუტოვა, აიკიდა ტვირთი და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. მიადგა ბანაკს, როცა ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა.
21 დაეწყვნენ რაზმებად ერთმანეთის პირისპირ ისრაელი და ფილისტიმელები.
22 ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი ტვირთის ყარაულს და მიაშურა რაზმს. მივიდა და მოიკითხა თავისი ძმები.
23 მათთან ლაპარაკში იყო, რომ გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, ფილისტიმელი, გათელი, და წინანდებურად იწყო ლაპარაკი. ყველაფერი მოისმინა დავითმა.
24 როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელიანები, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად.
25 ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელიანები: ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზაგებს ისრაელში.
26 ჰკითხა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: რა ბედი ეწევა კაცს, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინდაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ღვთის რაზმებს?
27 უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევაო კაცს, ვინც მას დაამარცხებს.
28 გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, უთხრა: რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.
29 თქვა დავითმა: რა გავაკეთე ისეთი? ცუდი ხომ არაფერი მითქვამს?
30 სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იკითხა იგივე ამბავი. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს.
31 გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს; მანაც მოაყვანინა იგი.
32 უთხრა დავითმა საულს: ნურვის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მორჩილი და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.
33 უთხრა საულმა დავითს: ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმითგანვე.
34 უთხრა დავითმა საულს: მწყემსავდა შენი მორჩილი თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს,
35 გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი ხოლმე. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი.
36 ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მორჩილი; ამ წინდაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.
37 თქვა დავითმა: უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისგან. უთხრა საულმა დავითს: წადი, უფალი იყოს შენთან!
38 შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსელით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა.
39 შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემოდან და იწყო სიარული, რადგან ნაჩვევი არ იყო. უთხრა დავითმა საულს: არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი. და მოიხსნა ისინი დავითმა.
40 აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. ხელთ იპყრა შურდული და გავიდა ფილისტიმელთან.
41 გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისკენ; წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა.
42 დაინახა ფილისტიმელმა დავითი და საცინად აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც.
43 უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან. დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით.
44 უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი.
45 უთხრა დავითმა ფილისტიმელს: შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი და ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველთ და მიწის ცხოველებს გადავუყრი დღეს, რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი.
47 გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს.
48 როცა აღიმართა ფილისტიმელი და მიუახლოვდა დავითს, მკვირცხლად გაიქცა დავითი რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი.
50 სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით; დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. მახვილი არ სჭერია ხელში დავითს.
51 მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს; აიღო მისი მახვილი, იშიშვლა და მოაკვდინა იგი; მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.
52 მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 მობრუნდნენ უკან ისრაელიანები ფილისტიმელთა მდევარიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იგი იერუსალემს, ხოლო მისი საჭურველი თავის კარავში დააწყო.
55 როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გამავალი დავითი, ჰკითხა აბნერს, მხედართმთავარს: ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ? მიუგო აბნერმა: შენს თავს გეფიცები, არ ვიცი, მეფეო.
56 თქვა მეფემ: იკითხე, ვისი შვილია ეს ჭაბუკი.
57 როცა დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს; ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 უთხრა საულმა: ვისი შვილი ხარ, ყმაწვილო? მიუგო დავითმა: შენი მორჩილის, იესეს შვილი ვაბ, ბეთლემელის.