პირველი მეფეთა. Chapter 20

1 გაიქცა დავითი რამათის ნავათიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავადრომ დამდევს?
2 მიუგო: ღმერთმა დაგიფაროს, არ მოკვდები! ახლა ყური მიგდე: არაფერ საქმეს, დიდი იქნება თუ მცირე, არ აკეთებს მამაჩემი, მე თუ არ გამიმხილა. რატომ დამიმალავდა მამაჩემი ამ საქმეს? ეს არ მოხდება.
3 დაიფიცა დავითმა და თქვა: კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, ამიტომ ამჯობინა, არ გაეგო ეს იონათანს, რომ არ დამწუხრებულიყო. უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.
4 უთხრა იონათანმა დავითს: რასაც შენი გული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის.
5 უთხრა დავითმა იონათანს: აჰა, ხვალ ახალმთავრობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე.
6 თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში მეჩქარება, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7 თუ თქვა: კეთილი, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მორჩილი. თუ განრისხდა, იცოდე, გადაუწყვეტია ავი საქმე.
8 მიყავი სიკეთე შენს მორჩილს, რაკი საუფლო აღთქმით მიგიღივარ შენი მორჩილი: ბარემ შენ მომკალი, თუ რამე დანაშაული მაქვს, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან.
9 თქვა იონათანმა: დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს.
10 უთხრა დავითმა იონათანს: ვინ შემატყობინებს, მკაცრი პასუხი თუ გაგცა მამაშენმა.
11 უთხრა იონათანმა დავითს: წამო, მინდორში გავიდეთ. და გავიდნენ ორთავენი მინდორში.
12 უთხრა იონათანმა დავითს: უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე,
13 ასე და ასე დასაჯოს უფალმა იონათანი და უარესადაც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო.
14 თუ ცოცხალი ვიქენი, მადლი მიყავი უფლის გულისთვის. თუ მოვკვდი,
15 ნურასოდეს მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს მიწის პირისგან.
16 დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან: დავითის მტრებს აგებინოს პასუხი უფალმა!
17 და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18 უთხრა იონათანმა: ხვალ ახალმთავრობაა. მოგიკითხავენ, რადგან ცარიელი იქნება შენი ადგილი.
19 სამ დღეს მოიცალე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის კლდესთან დაჯექი.
20 სამ ისარს ვისვრი შენსკენ, თითქოს მიზანში მესროლოს.
21 მერე ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს, აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს. არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები.
22 თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით არის ისრები-მეთქი, წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23 იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენს შორის უკუნისამდე.
24 დაიმალა დავითი მინდორში. დადგა ახალმთავრობის დღე და დაჯდა პურობად მეფე.
25 დაჯდა მეფე თავის საჯდომზე ჩვეულებისამებრ, კედელთან მდგარ საჯდომზე; იონათანი კი ადგა და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26 არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა, შემთხვევა არისო; განუწმედელი იქნება, არ განწმედილაო ალბათ.
27 ახალმთავრობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?
28 მიუგო იონათანმა საულს: ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29 მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ შემომითვალაო. ახლა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, დამანებე წასვლა, რომ მოვინახულო ჩემი ძმებიო. ამიტომ არ მოსულა სამეფო სუფრაზე.
30 განურისხდა საული იონათანს და უთხრა: შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად.
31 რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა გნმტკიცდება. ახლა აქ მომიყვანე, რადგან სიკვდილის ღირსია.
32 მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?
33 და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა.
34 ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთავრობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ გალანძღა იგი მამამისმა.
35 მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დათქმულ დროზე, პატარა ყმაწვილიც თან ახლდა.
36 უთხრა ყმაწვილს: გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი. გაიქცა ყმაწვილი ისროლა იონათანმა ისრები და ყმაწვილს გადააცილა.
37 მივიდა ყმაწვილი იმ ადგილას, სადამდისაც მიაწვდინა იონათანმა ისრები და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: შენს იქით ხომ არ არისო ისრები?
38 კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, რას უდგეხარ? მოაგროვა იონათანის ყმაწვილმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39 თავად ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო გასაგები ეს ამბავი.
40 მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, ქალაქში წაიღე!
41 ყმაწვილი წავიდა. ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანისცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42 უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!