პირველი ნეშტთა. Chapter 13

1 ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.
2 უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათ შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ.
3 და ჩვენთან გადმოვაბრძანოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.
4 მიუგო მთელმა კრებულმა: დაე, ასე იყოს, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონია ხალხის თვალში.
5 შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.
6 ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
7 დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ.
8 დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
9 როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ გადმოაგდეს ხარებმა.
10 აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის წაშველების გამო. და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
11 შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
12 ღმერთის შეეშინდა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი?
13 არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისთან მიტანა დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გადაახვევინა.
14 სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის კარმიდამო, და მთელი მისი საბადებელი.