პირველი ნეშტთა. Chapter 29

1 უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც უფალმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის, ღვთისთვის.
2 რაც კი შემეძლო ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი სპილენძისთვის, რკინა რკინეულისთვის, ხე-ტყე ხე-ტყის მასალისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი.
3 ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო, მაქვს ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული.
4 სამიათასი ქანქარი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ქანქარი გადამდნარი ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად,
5 ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქროჭმედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?
6 გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა მთავრებმა, ისრაელის შტოთა მთავრებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და მეფის მოურავებმა.
7 და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა.
8 ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის, იეხიელ გერშუნელს ჩააბარეს.
9 ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან სრული გულით სწირავდნენ უფალს. ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
10 აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: კურთხეულ ხარ, უფალო, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე.
11 შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად.
12 სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და განმტკიცება.
13 აწ გაქებთ შენ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს.
14 ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.
15 ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
16 უფალო, ღმერთო ჩემო! მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
17 ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარული ხარ. ეს აყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის.
18 უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპისა! სამარადისოდ დაიცავი ეს, შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები.
19 და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი სრული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე მოვამზადე.
20 უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს.
21 მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები და აღსავლენი აღუვლინეს უფალს: ათასი კურატი, ათასი ცხვარი, ათასი კრავი, თავისი საღვრელითურთ, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.
22 იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონ დავითის ძე გაამეფეს, უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს. ხოლო ცადოკი - მღვდლად.
23 დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა.
24 ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ვაჟიშვილი ემორჩილებოდა სოლომონ მეფეს.
25 დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრალოს თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია.
26 დავით იესეს ძე მეფობდა მთელს ისრაელზე.
27 ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, ოცდაცამეტი - იერუსალიმში.
28 მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. მის ნაცვლად სოლომონი გამეფდა.
29 დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მისნის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მისნის სიტყვებშია აღწერილი,
30 მთელს მის მეფობასთან, მის სიქველესთან და იმ ამბებთან ერთად, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყანათა სამეფოებს გადახდა.