პირველი იოანესი

1 რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას;
2 (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ).
3 რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო ქრისტეს.
4 ამას გწერთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.
5 ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი.
6 თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად.
7 ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
8 თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9 თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.
10 თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.