ფსალმუნნი. Chapter 8

1 გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.
2 უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
3 ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
4 როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
5 რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
6 ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
7 გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
8 ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;
9 ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
10 უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე.