ფსალმუნნი. Chapter 18

1 გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
2 ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
3 დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
4 არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.
5 მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
6 და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.
7 ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
8 რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
9 მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
10 შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
11 სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
12 და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
13 ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
14 ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
15 დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.