ფსალმუნნი. Chapter 87

1 გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდის ლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა.
2 უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.
3 მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
4 რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
5 შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
6 მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
7 მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
8 მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.
9 შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.
10 თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.
11 ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.
12 განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?
13 შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
14 მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
15 რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?
16 ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.
17 თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
18 გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.
19 შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.