ფსალმუნნი. Chapter 55

1 გუნდის ლოტბარს, მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში.
2 შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი.
3 ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება, უზენაესო.
4 საშიშროების დღეს შენ გესავ.
5 ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
6 ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ.
7 გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან.
8 ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!
9 ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია.
10 მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.
11 ღმერთში შევაქებ სიტყვას, უფალში შევაქებ სიტყვას;
13 ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი?
13 ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ.
14 რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით.