ფსალმუნნი. Chapter 56

1 გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში.
2 შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
3 მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემს მიმართ.
4 გამომიგზავნის ციდან და მიშველის, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. სელა. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას.
5 ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი.
6 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
7 ბადე გაამზადეს ჩემთა ფეხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. სელა.
8 წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ.
9 გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვაღვიძებ ცისკარს.
10 განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში.
11 რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
12 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება.