ფსალმუნნი. Chapter 47

1 ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა.
2 დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
3 ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
4 ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.
5 რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.
6 ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.
7 ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით.
8 აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი.
9 როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა.
10 ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
11 ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
12 დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სამართლის გამო;
13 ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
14 გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
15 რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.