ფსალმუნნი. Chapter 46

1 გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
2 ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;
3 რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
4 დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.
5 ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.
6 ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.
7 უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.
8 რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.
9 გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
10 მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.