ფსალმუნნი. Chapter 135

1 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2 ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
3 ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
4 მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
5 ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
6 დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
7 შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
8 მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
9 მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
10 რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
11 და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
12 ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
13 რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
14 და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
15 და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
16 რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
17 რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
18 და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
19 სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
20 ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
21 და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
22 სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
23 რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
24 და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
25 რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
26 ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.