ფსალმუნნი. Chapter 94

1 მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
2 სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.
3 რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.
4 რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა და მთების ძლიერება მისია.
5 რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.
6 მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.
7 რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყოსი და ცხვარი მისი ხელქვეითი; ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:
8 ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში;
9 რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.
10 ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები.
11 ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.