ფსალმუნნი. Chapter 91

1 ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის.
2 კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
3 გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
4 ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
5 რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
6 რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
7 უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
8 როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
9 ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
10 რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი.
11 მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
12 უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
13 წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
14 უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
15 სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.
16 რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.