ფსალმუნნი. Chapter 75

1 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.
2 ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.
3 და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.
4 იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა.
5 ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.
6 გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.
7 შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.
8 შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
9 ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;
10 როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.
11 რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.
12 აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.
13 ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.