ფსალმუნნი. Chapter 61

1 გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა.
2 მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.
3 მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.
4 ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული.
5 განიზრახავენ მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. სელა.
6 მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.
7 მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.
8 ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი ძალისა და ჩვმი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.
9 მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.
10 მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.
11 არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
12 ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.
13 და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.