ფსალმუნნი. Chapter 39

1 გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2 მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
3 და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.
4 და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.
5 ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
6 ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
7 მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;
8 მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.
9 შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
10 სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
11 შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
12 შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.
13 რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
14 ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.
15 დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს;
16 დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო!
17 გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი.
18 ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.