მეორე რჯული. Chapter 16

1 დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან, ღამით.
2 დაუკალი საპასექოდ უფალს, შენს ღმერთს, ცხვარი და ძროხა იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი თავისი სახელის დასავანებლად.
3 ნუ მიატან მას საფუარიანს, ხუთ დღეს ჭამე მასთან ერთად ხმიადი, გაჭირვების პური, რადგან ნაჩქარევად გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე.
4 არ გაჭაჭანდეს შვიდი დღის მანძილზე საფუარიანი მთელს შენს კარმიდამოში და დილამდე არ მორჩეს წინა საღამოს დაკლული საკლავის ხორცი.
5 ნება არა გაქვს ყველგან დაკლა პასექი შენს საცხოვრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს;
6 არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, დაკალი პასექი საღამოთი, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის სწორს.
7 მოხარშე და ჭამე იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, დილით კი გაბრუნდი და წადი შენს კარვებში.
8 ექვს დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს კი უქმეა უფლის, შენი ღმერთისათვის, არაფერი საქმე არ აკეთო.
9 შვიდი შვიდეული გადაითვალე; ყანაში ნამგლის შესვლის დღიდან დაიწყე შვიდეულების თვლა.
10 გაუმართე შვიდეულთა დღესასწაული უფალს, შენს ღმერთს, როგორც შეგიძლია, როგორც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს.
11 გაიხარეთ უფლის, შენი ღმერთის წინაშე შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, მდგმურმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც შენს შორის არიან, იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.
12 გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და დაიცავი და შეასრულე ეს წესები.
13 შვიდ დღეს იზეიმე კარვობის დღესასწაული, როცა მორჩები კალოობას და ყურძნის წურვას.
14 გაიხარეთ დღესასწაულში შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც ცხოვრობენ შენს კარზე.
15 შვიდ დღეს იდღესასწაულე უფლის, შენი ღმერთისთვის იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, რადგან გიკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, მოსავალს და ყოველ საქმეს და სულ მხიარული იქნები.
16 წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე, იმ ადგილას, რომელსაც არჩევს იგი. ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე.
17 ყველას ძღვენი გეჭიროთ ხელში უფლის, შენი ღმერთის კურთხევის კვალობაზე, როგორც მოუცია შენთვის.
18 დასხი მსაჯულები და რჯულისკაცები შენი შტოებიდან ყოველ ქალაქში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, რათა მისცენ ხალხს მართალი სამართალი.
19 სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს.
20 სიმართლეს, სიმართლეს მიჰყევი, რომ ცოცხალი დარჩე და დაეპატრონო იმ ქვეყანას, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
21 არ დარგო აშერასთვის, რა ხეც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს გვერდით, რომელსაც აიშენებ.
22 არ აღიმართო სვეტი, რომელიც სძულს უფალს, შენს ღმერთს.