მეორე რჯული. Chapter 10

1 მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.
2 მე წავაწერ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირვანდელ დაფებზე, შენ რომ დალეწე. ჩააწყვე ისინი კიდობანში.
3 მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა.
4 მაშინდელივით წააწერა ფიქალებზე ათი სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან, თავშეყრის დღეს, და მომცა ისინი უფალმა.
5 პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე ფიქალები ჩემს გაკეთებულ კიდობანში და ეწყო იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.
6 ისრაელიანები კი გაემგზავრნენ იაყაკანიანთა ბეეროთიდან მოსერისკენ, იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე ელეაზარი გახდა მღვდელი.
7 იქიდან გუდგოდისკენ გაემგზავრნენ, გუდგოდიდან იოტბათისკენ, ნაკადულების ქვეყანაში.
8 იმჟამად გამოაცალკევა უფალმა ლევიანთა შტო, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი, მდგარიყვნენ უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდეა.
9 ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა.
10 მე დავრჩი მთაზე მაშინდელივით ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ამჯერადაც მისმინა მე უფალმა - არ ინება უფალმა შენი დაღუპვა.
11 მითხრა უფალმა: ადექ და წაუძეღი ერს, წავიდნენ და დაიმკვიდრონ ქვეყანა, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამა-პაპას.
12 აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
13 დაიცვა უფლის მცნებები და წესები, რომელთაც გამცნებ დღეს შენს სასიკეთოდ.
14 აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია.
15 მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს.
16 დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები,
17 რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.
18 იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს.
19 გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
20 უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.
21 ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.
22 სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს.