ლევიანნი. Chapter 11

1 ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ:
2 ელაპარაკეთ ისრაელიანებს: აი, ეს ცხოველებია, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის დედამიწაზე.
3 ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს და იცოხნის, გეჭმევათ.
4 ოღონდ ისეთნი არ გეჭმევათ, რომელნიც იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაპობილი: აქლემი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
5 ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
6 კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
7 ღორი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
8 მათი ხორცი არ შეჭამოთ, მათ ლეშს არ მიეკაროთ, უწმიდურებია ისინი თქვენთვის.
9 აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყველაფერი, რასაც კი ფარფლები და ქერეჭი აქვს წყალში - ზღვებში თუ მდინარეებში, გეჭმევათ.
10 ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს ზღვებში თუ მდინარეებში, წყლის რა სულდგმულიც არ უნდა იყოს, უსურმაგია თქვენთვის.
11 უსურმაგი უნდა იყოს ისინი თქვენთვის, მათი ხორცი არ უნდა ჭამოთ, მათი ლეში უნდა გძაგდეთ.
12 ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს წყალში, უსურმაგია თქვენთვის.
13 ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ ჭამოთ, უსურმაგნი არიან: არწივი, სვავი, ფსოვი,
14 ძერა, ქორი და მათი გვარისანი,
15 ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი,
16 სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მათი გვარისანი,
17 ჭოტი, ჩვამა, წერო,
18 ბუკიოტი, ვარხვი, კოდალა,
19 ყარყატი, ჩანჩა და მისთანანი; ოფოფი, ღამურა;
20 ყოველნაირი მწერი - მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე - უსურმაგი უნდა იყოს თქვენთვის.
21 გეჭმევათ ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარუღე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
22 ამათგან ესენი გეჭმევათ: კალია და მისი გვარისანი, სალყამი და მისი გვარისანი, ხარგოლი და მისი გვარისანი, ხაგაბი და მისი გვარისანი.
23 ყველა სხვა მწერი - ფრთიანი და ოთხფეხი - უსურმაგია თქვენთვის.
24 მათი უწმიდურობა თქვენზე გადმოვა; ყველა, ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
25 ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს, და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე.
26 ყოველი ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი და არც იცოხნება, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურდება.
27 ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
28 ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი გაირეცხოს, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. უსურმაგები არიან ისინი თქვენთვის.
29 ესენი არიან თქვენთვის უსურმაგები მიწაზე მძრომებში: კვერნა, თაგვი, ხვლიკი და მათი გვარისანი,
30 ზღარბი, ბაყაყი, კუ, ლოკოკინა და თხუნელა.
31 ესენია თქვენთვის უსურმაგნი ქვემძრომებში; ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
32 ყველაფერი, რაზეც კი რომელიმე მათგანი დაეცემა, ხის რაიმე ჭურჭელი იქნება, ტყავის თუ ჯვალოს სამოსელი, ნებისმიერი სახმარი ნივთი, გაუწმიდურდება; წყალში უნდა ჩაიდოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მერე კი გაწმიდავდება.
33 თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; უნდა დაამტვრიოთ.
34 თუ რამე საჭმელს, რასაც ჭამთ, წყალი დაესხა, გაუწმიდურდება; ყოველი სასმელი, რომელსაც რამე ჭურჭლიდან სვამთ, გაუწმიდურდება.
35 ყველაფერი, რასაც მათი ლეშიდან რამე მოხვდა, გაუწმიდურებულია; ღუმელი იქნება თუ კერა, უნდა დაიმტვრეს; უწმიდურია ისინი და თქვენთვისაც უწმიდური უნდა იყოს.
36 მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა. მათი ლეშის შემხებელი კი გაუწმიდურდება.
37 თუ მათი ლეშიდან რამე მოხვდა სათესლე მარცვალს, სუფთა დარჩება.
38 თუ თესლს წყალი დაესხა და მათი ლეშიდან რამე დაეცა ზედ, გაუწმიდურებული იქნება იგი თქვენთვის.
39 თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე.
40 მისი ლეშის მჭამელმა ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება; მისი ლეშის წამღებმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
41 ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ.
42 არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან.
43 არ წაიბილწონ სული ქვემძრომით და არ გაუწმიდურდეთ მისგან.
44 რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა. არ გაიუწმიდუროთ თავი არანაირი ქვემძრომით, რომელიც მიწაზე დაღოღავს,
45 რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა.
46 ეს არის პირუტყვის, ფრინველის და ყოველი სულდგმულის, წყალში მცურავისა და მიწაზე მღოღავის წესი,
47 რომ ერთმანეთისგან გაირჩეს უწმიდური და წმიდა, ცხოველი, რომელიც იჭმევა და ცხოველი, რომელიც არ იჭმევა.