ლევიანნი. Chapter 22

1 ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2 უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი.
3 უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი.
4 კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,
5 ან ვინც მიეკარება რომელიმე ქვეწარმავალს, რომლისგანაც უწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას რაიმე უწმიდურობით, -
6 კაცი, რომელიც ყოველივე ამას მიეკარება, საღამომდე გაუწმიდურებულია და საწმიდარს ვერ შეჭამს, თუ ტანი წელით არ დაიბანა.
7 ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია.
8 ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი.
9 ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
10 უცხომ არავინ ჭამოს საწმიდარი; მღვდლის მდგმურმა და ქირის კაცმა არ უნდა ჭამოს საწმიდარი.
11 მღვდლის მიერ საკუთარი ვერცხლით ნაყიდს შეუძლია ჭამოს იგი; მის სახლში დაბადებულებს შეუძლიათ ჭამონ მისი პური.
12 მღვდლის ქალიშვილს, რომელიც უცხო კაცზეა გათხოვილი, არ შეუძლია ჭამოს შეწირული სსაწმიდარები.
13 მღვდლის ქალიშვილს, რომელიც დაქვრივებულია ან ქმარგაცილებული, ნაშიერი არა ჰყავს და მამის სახლშია დაბრუნებული, როგორც ყმაწვილქალობისას იყო, შეუძლია ჭამოს მამამისის პური. უცხომ არ არავინ უნდა ჭამოს.
14 ვინც შეცდომით შეჭამს საწმიდარს, მისი მეხუთედი უნდა დაუმატოს და მღვდელს მისცეს საწმიდარი.
15 არ უნდა შეურაცხყონ ისრაელის საწმიდარები, რომლებსაც უფალს სწირავენ.
16 არ უნდა დაიდონ ცოდვა საწმიდარების ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
17 ასე უთხრა უფალმა მოსეს:
18 გამოუცხადე აარონს და მის შვილებს და მთელს ისრაელობას და უთხარი: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელის მდგმურთაგან მიიტანს თავის შესაწირავს, შეთქმულს ან სამოწყალოს, რასაც აღსავლენად სწირავენ უფალს,
19 იმისათვის, რომ დამწყალობნდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ ვაცი.
20 არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით.
21 თუ ვინმე შესწირავს უფალს სამადლობელ მსხვერპლს აღთქმის თანახმად თუ სამოწყალოდ, ხარს ან ცხვარს, უნაკლო უნდა იყოს, რომ დამწყალობნდეს. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს.
22 ბრმა ან დამტვრეული, ან დასახიჩრებული, ან დამუწუკებული, ან ქეციანი, ან მუნიანი არ შესწიროთ უფალს; არც საცეცხლო მსხვერპლად არ დაუდოთ უფალს სამსხვერპლოზე.
23 ხარი ან ცხვარი, რომელსაც ყური ან კუდი მოგლეჯილი აქვს, შეგიძლია სამოწყალო მსხვერპლად შესწირო; შეთქმულისთვის კი სამწყალობნო არ იქნება.
24 საქონელი, რომელსაც ყვერები დაჭყლეტილი, ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი აქვს, არ შესწირო უფალს. თქვენს მიწაზე ეს არ გააკეთოთ.
25 უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით.
26 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
27 როცა გაჩნდება ხბო, ან ბატკანი, ან ციკანი, შვიდ დღეს დედასთან ამყოფეთ; რვა დღის შემდეგ უკვე ივარგებს საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
28 არ დაკლათ ძროხა, ან ცხვარი, ან თხა, ერთ დღეს თვის ნაშიერთან ერთად.
29 როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით.
30 იმავე დღეს უნდა შეჭამოთ, დილამდე არ მოირჩინოთ. მე ვარ უფალი.
31 დაიცავით ჩემი ბრძანებები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.
32 არ შეურაცხყოთ ჩემი წმიდა სახელი, რომ წმიდა ვიყო ისრაელიანთა შორის. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდამყოფელი,
33 რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.