ლევიანნი

1 მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან:
2 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: თუ თქვენ შორის ვინმე შესწირავს უფალს, შინაური პირუტყვი იყოს თქვენი შესაწირავი - საქონელი და ცხვარი.
3 თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად.
4 დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა.
5 დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
6 გაატყაონ აღსავლენი და წილობებად დაანაწილონ.
7 დაანთონ ცეცხლი აარონიანმა მღვდლებმა სამსხვერპლოზე და შეშა დააწყონ ცეცხლზე.
8 დააწყონ აარონიანმა მღვდლებმა წილობები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
9 მისი შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის.
10 თუ მისი შესაწირავი ცხვარი ან თხა იქნება აღსავლენად, მამალი, საღი შესწიროს.
11 დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და გარშემო ასხურონ აარონიანმა მღვდლებმა მისი სისხლი სამსხვერპლოს.
12 დაანაწილოს წილობებად და დააწყოს მღვდელმა მისი თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
13 ხოლო შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს, შესწიროს მღვდელმა ყველაფერი და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის აღსავლენი, საცეცხლე მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
14 თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება, გვრიტი ან მტრედის ხუნდები, შეწიროს შესაწირავად.
15 შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე; თავი აცალოს და დაწვას სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს.
16 ბუმბულიანად მოაცალოს ჩიჩახვი და სამსხვერპლოსთან დააგდოს, აღმოსავლეთით, სადაც ნაცარია.
17 ფრთები გადაუმტვრიოს, არკი მოაშოროს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ეს არის აღსავლენი, საცეცხლი მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.