გამოსვლა. Chapter 27

1 გააკეთე სამსხვერპლო ურთხელისგან, ხუთი წყრთა ჰქონდეს სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე. ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე.
2 გაუკეთე რქები ოთხსავე კუთხეში; კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს რქები. სპილენძით მოჭედე ისინი.
3 გაუკეთე ქვაბები ნაცრისთვის, ნიჩბები, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა იარაღი სპილენძისგან გააკეთე.
4 გაუკეთე ბადისებური ცხაური სპილენძისაგან; გაუკეთე ბადეს სპილენძის ოთხი რგოლი ოთხსავე კუთხეში.
5 ქვეშიდან შეუდგი იგი სამსხვერპლოს. ბადე სამსხვერპლოს შუამდე უნდა სწვდებოდეს.
6 გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, ურთხელის კეტები, და სპილენძით მოჭედე.
7 რგოლებში გაუყარე კეტები; სამსხვერპლოს ორივე მხარეს იყოს კეტები მის სატარებლად.
8 ღრუ გააკეთე იგი, ფიცრებისგან; როგორც მთაზე გეჩვენა, ისე გააკეთონ.
9 ეზო გაუკეთე სავანეს; სამხრეთ მხარეს ფარდები ჰქონდეს ეზოს გრეხილი სელისგან, ასი წყრთა სიგრძისა ერთ მხარეს.
10 ოცი სვეტი და ოცი მისი კვარცხლბეკი სპილენძისა; სვეტების კავები და მათი სამაგრები ვერცხლისა.
11 ასევე ჩრდილოეთ მხარეს მთელს სიგრძეზე ასი წყრთა სიგრძის ფარდა და ოცი სვეტი ოცი სპილენძის კვარცხლბეკითურთ, სვეტების კავები და მისი სამაგრები ვერცხლისა.
12 ეზოს სიგანეზე დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა სიგრძის ფარდები; და ათი სვეტი მისი ათი კვარცხლბეკითურთ.
13 ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს ათი წყრთა ფარდა.
14 თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი ფრთისთვის და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ.
15 მეორე ფრთისთვის თხუთმეტი ფარდა და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ.
16 ეზოს კარისთვის ჩამოსაფარებელი ოცი წყრთა ლურჯი, ძოწისფერი ქსოვილისაგან და გრეხილი სელისაგან მოქარგული; ოთხი სვეტი ოთხი კვარცხლბეკითურთ.
17 ეზოს ყველა სვეტს ირგვლივ ვერცხლის სამაგრები უნდა ჰქონდეს; კავები - ვერცხლის, ხოლო კვარცხლბეკები - სპილენძის.
18 ეზოს სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები გრეხილი სელისა, კვარცხლბეკები სპილენძისა.
19 სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ, ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო სპილენძის უნდა იყოს.
20 უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
21 სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში.