მეორე ნეშტთა. Chapter 35

1 გადაუხადა იოშიაჰუმ პასექი უფალს იერუსალიმში. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს ამსხვერპლეს პასექი.
2 დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეზე და ამხნევებდა უფლის სახლის სამსახურისთვის.
3 უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხნი: დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონ დავითის ძემ, ისრაელის მეფემ, რომ ააშენა; რად გინდათ მისი მხრებით ტარება; ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს და მის ერს, ისრაელს.
4 მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის განაწესის მიხედვით და მისი ძის, სოლომონის განაწესის მიხედვით.
5 დადექით საწმიდარში თქვენი მოძმეების - ერის შვილების მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასის მიხედვით.
6 ამსხვერპლეთ პასექი, გაინათლეთ და მოუმზადეთ თქვენს ძმებს, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცეთ.
7 უბოძა იოშიაჰუმ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იმყოფებოდა კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის - რიცხვით ოცდაათი ათასი, და კურატიც - სამი ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო.
8 მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ღვთის სახლის წინამძღვრებმა მღვდლებს საპასექოდ მისცეს ორი ათას ექვსასი კრავი და სამასი კურატი.
9 ქანანიამ, შემაყიამ, ნათანიელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა - ლევიანთა მთავრებმა ლევიანებს საპასექოდ უძღვნეს ხუთი ათასი კრავი და ხუთასი კურატი.
10 ასე დაწესდა სამსახური. მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე დადგნენ და ლევიანები - თავიანთი დასების მიხედვით, მეფის ბრძანებისაებრ.
11 ამსხვერპლეს პასექი. მღედლები ხელით ასხურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ.
12 და გამოაცალკევეს, რაც აღსავლენისთვის იყო, რომ გაენაწილებინათ ერის შვილების მამისსახლთა ჯუფების მიხედვით, რათა ისე შეეწირათ მსხვერპლი, როგორც მოსეს წიგნში სწერია. ასევე მოიქცნენ კურატების შეწირვისას.
13 მოხარშეს პასექი ცეცხლზე წესის მიხედვით; ქვაბებში, კოჭობებში და კარდალებში მოხარშეს წმიდა საკლავი და მარჯვედ ჩამოურიგეს ყველა ერის შვილს.
14 შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები, აარონიანები, მწუხრამდე სწირავდნენ აღსავლენს და ლურთებს. ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის - აარონიანთათვის.
15 მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილზე იმყოფებოდნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მისნისგან დადგენილი წესის მიხედვით, კარისმცველნიც - ყოველ კარში; არ უხდებოდათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.
16 ასე დაწესდა იმ დღეს უფლის ყველა სამსახური, რომ პასექი გადახდილიყო და აღსავლენი აღვლენილიყო უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიაჰუს ბრძანების მიხედვით.
17 შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
18 სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი. ისრაელის არცერთ მეფეს არ გადაუხდია ასეთი პასექი, იოშიაჰუმ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრელიანებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ გადაუხადეს უფალს.
19 იოშიაჰუს მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. (მუცლითმეზღაბრენი, მკითხავები, თერაფიმები, კერპები და აშერები, რაც კი იუდაში და იერუსალიმში იყო, ცეცხლს მისცა მეფე იოშიაჰუმ, რომ გაემტკიცებინა იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც ხილკიაჰუ მღვდელმა იპოვა უფლის სახლში. მანამდე არავინ ყოფილა მისი მსგავსი, რომ მთელი თავისი გულით და მთელი თავისი სულით, მთელი თავისი ძალით მოსეს რჯულის თანახმად მიქცეულიყო უფლისკენ; და არც მის შემდეგ გამოჩენილა მისი მსგავსი. მაგრამ მაინც არ დამცხრალა უფალი თავისი დიდი რისხვისაგან, რომლითაც მრისხანებდა უფალი იუდაზე ყველა იმ წყენის გამო, მენაშემ რომ აწყენინა. თქვა უფალმა: იუდასაც მოვიკვეთ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიკვეთე; განვაგდებ ამ ქალაქსაც, რომელიც ამოვირჩიე, იერუსალიმს, და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იმკვიდრებს-მეთქი ჩემი სახელი).
20 ყოველივე ამის შემდეგ, როგორც კი იოშიაჰუმ მოაწესრიგა უფლის სახლი, მიუხდა ნექო ეგვიპტის მეფე ქარხემიშს საბრძოლველად, მდინარე ევფრატზე. და გამოვიდა იოშიაჰუ მის შესახვედრად.
21 მოციქულები გამოუგზავნა ნექომ და შეუთვალა: რა საქმე გვაქვს ერთმანეთთან მე და შენ, იუდას მეფევ? დღეს შენს წინააღმდეგ არ წავსულვარ, არამედ იმ სახლის წინააღმდეგ, რომელსაც ვეომები. ღმერთმა მიბრძანა, რომ ვიჩქარო. ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს.
22 პირი არ იბრუნა მისგან იოშიაჰუმ და შეიმოსა მის წინააღმდეგ საომრად, არ შეისმინა ნექოს სიტყვები ღმერთის შთაგონებული, და გავიდა მეგიდოს ველზე საბრძოლველად.
23 სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიაჰუს. უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი.
24 ჩამოსვეს მისმა მორჩილებმა ეტლიდან, აიყვანეს მის მეორე ეტლზე, და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავის მამა-ბაპის სამარხში დაიმარხა. მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იოშიაჰუ.
25 გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელ კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
26 იოშიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიქველენი, უფლის რჯულში ჩაწერილის თანახმად აღსრულებულნი,
27 მისი საქმენი - პირველნი და უკანასკნელნი - იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.