მეორე ნეშტთა. Chapter 24

1 შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბაი, ბარშებადან.
2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში.
3 ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
4 ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის სახლის შეკეთება.
5 შეკრიბა მღვდლები, ლევიანები და უთხრა: დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად. დააჩქარეთ ეს საქმე. მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს.
6 დაიბარა მეფემ იეჰოიადაყი, მათი თავკაცი, და უთხრა: რატომ არ მოსთხოვ ლევიანებს, რომ იუდასგან და იერუსალიმისგან აკრიბონ ის გადასახადი, რომელიც მოსემ, უფლის მორჩილმა და ისრაელის კრებულმა დაადგინეს სადღესასწაულო კარვისთვის?
7 რადგან ურჯულო ღოთოლიამ და მისმა ვაჟებმა დააზიანეს ღვთის სახლი, და უფლის სახლის მთელი შემოწირულობა ბაალებს მოახმარეს.
8 ბრძანა მეფემ და გააკეთეს ერთი კიდობანი. დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ.
9 გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რომელიც მოსემ, ღვთის მორჩილმა, დაუწესა ისრაელს უდაბნოში.
10 გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.
11 როდესაც ლევიანთა ხელით კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ კიდობანს. მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე იქცეოდნენ დღიდან დღემდე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს.
12 ჩააბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის სახლის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი კი დაიქირავებდნენ ქვისმთლელებსა და დურგლებს, უფლის სახლის გასაახლებლად, რკინა-სპილენძის მჭედლებს უფლის სახლის გასამაგრებლად.
13 იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს.
14 როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. დაამზადეს მისგან უფლის სახლისთვის ჭურჭლეული - სამსახურებელი და აღსავლენისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდამ აღავლენდნენ აღსავლენს უფლის სახლში.
15 დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა.
16 დავითის ქალაქში დამარხეს იგი, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისთვის.
17 იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ.
18 მიატოვეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო.
19 მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ. ამხელდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ.
20 ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი; შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებაო. რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.
21 შეითქვნენ მის წინააღმდეგ და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში.
22 არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. როცა კვდებოდა, თქვა: იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!
23 წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
24 მცირეოდენი ხალხით მოვიდა არამის ლაშქარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს უფალი, მამა-პაპის ღმერთი. იოაშს კი მსჯავრი დასდეს.
25 როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლის ასაღებად და თავისსავე საწოლში მოკლეს. ასე მოკვდა იგი. დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
26 აჰა, მის წინააღმდეგ შეთქმულნი: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იეჰოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა.
27 მისი ვაჟების, მასზე თქმული მრავალი ნაქადაგარის და ღვთის სახლის შეკეთების ამბავი მეფეთა წიგნის საკითხავშია ჩაწერილი. მის ნაცდლად მისი ძე, ამაციაჰუ გამეფდა.