მეორე ნეშტთა. Chapter 27

1 ოცდახუთი წლის იყო იოთამი, რომ გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ერუში, ცადოკის ასული.
2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ იქცეოდა. ოღონდ უფლის ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა.
3 ააგო უფლის სახლის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა.
4 იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი ციხესიმაგრეები და კოშკები.
5 ყამონიანთა მეფეს ებრძოდა და სძლია მას. ყამონიანებმა იმ წელს ასი ქანქარი ვერცხლი, ათიათასი ქორი ხორბალი და ქერი მისცეს. ამდენსავე აძლევდნენ ყამონიანები მეორე და მესამე წელს.
6 გაძლიერდა იოთამი, რადგან თავის გზებს უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე წარმართავდა.
7 იოთამის დანარჩენი ამბები, ყველა მისი ომი და ნამოქმედარი ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
8 ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
9 განისვენა იოთამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა.