მეორე კორინთელთა მიმართ. Chapter 13

1 ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.
2 ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.
3 რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენს შორის.
4 რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.
5 მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.
6 მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.
7 ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.
8 ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ.
9 რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.
10 შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა.
11 სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი.
12 მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა.
13 მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.