მეოთხე მეფეთა. Chapter 24

1 მის დროს გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მორჩილი სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას.
2 მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა მოაბელთა და ყამონიანთა ბრბოებს, შეუსევდა ხოლმე იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.
3 უფლის ნებით ხდებოდა ეს იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა იგი მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო.
4 იმ უბრალოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი, არ ინება უფალმა მისი პატიება.
5 იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
6 განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა.
7 მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა - ეგვიპტის მდინარიდან მდინარე ევფრატამდე.
8 თვრამეტი წლის იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან.
9 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი იქცეოდა.
10 ამ დროს დაიძრნენ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მოლაშქრეები იერუსალიმისკენ და შემოადგნენ ქალაქს.
11 მოადგა ბაბილონის მეფეც, ნაბუქოდონოსორი, ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ქალაქი.
12 გავიდა იეჰოიაქინ იუდას მეფე ბაბილონის მეფესთან, გავიდნენ დედამისიც, მისი მორჩილნიც, დიდებულებიც, კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ მისი მეფობის მერვე წელს.
13 გაზიდა იქიდან უფლის სახლის მთელი საგანძური და მეფის სახლის საგანძური, დაამტვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გაკეთებული ჰქონდა სოლომონ ისრაელის მეფეს უფლის ტაძარში უფლის ბრძანებისამებრ.
14 აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი - ათი ათასი კაცი იყო აყრილი, ყველა ხელოსანი და მშენებელი, არავინ დარჩენილა ქვეყნის ერის გარდა.
15 გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს; მეფის დედაც, მეფის ცოლებიც, მისი კარისკაცებიც, ქვეყნის თავკაცნი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად.
16 მეომრები - შვიდი ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები - ათასი კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად.
17 მეფედ დასვა ბაბილონის მეფემ იეჰოიაქინის ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ციდკიაჰუ დაარქვა.
18 ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
19 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა.
20 მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. ხოლო ციდკიაჰუ განუდგა ბაბილონის მეფეს.