მეოთხე მეფეთა. Chapter 22

1 რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა, და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იედიდა, ყადაიას ასული, ბოცკათადან.
2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში და ყველაფერში დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ.
3 მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს გაგზავნა მეფემ უფლის სახლში შაფან მწერალი, მეშულამის ძის, აცალიას ძე და დააბარა:
4 ადი ხილკიასთან, მღვდელმთავართან და შეაგროვებინე უფლის სახლში შემოსული მთელი ვერცხლი, რომელიც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან;
5 ხელში ჩააბარონ სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი; ამათ კი უფლის სახლში მომუშავეებს დაურიგონ სახლის ბზარების შესაკეთებლად -
6 დურგლებს, მშენებლებს, ქვითხუროებს, იყიდონ ხე და თლილი ქვები სახლის შესაკეთებლად.
7 ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ჩაბარებული ვერცხლის ანგარიში, რადგან პატიოსნად იქცევიან.
8 უთხრა ხილკია მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან.
9 მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. უთხრა: გადმოყარეს შენმა მორჩილებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.
10 ამცნო შაფან მწერალმა მეფეს: წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა. და წაუკითხა შაფანმა მეფეს.
11 როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი.
12 უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მორჩილს:
13 წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს რაც მათთვის იყო დაწერილი.
14 მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას.
15 უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ.
16 ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს.
17 რაკი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავეჯავრებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ დაცხრება.
18 იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან სამკითხაოდ გამოგგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: რაკი შეისმინე ეს სიტყვები,
19 რაკი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, შემოიხიე სამოსელი და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი, ბრძანებს უფალი.
20 ამიტომაც, აჰა, წაგიყვან შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარხებში და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო ამ ადგილს. მიუტანეს მეფეს ამბავი.