ეკლესიასტე. Chapter 11

1 წყალს გაატანე შენი პური, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ კვლავ მოიძიებ.
2 მიეც ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყანას.
3 როცა ღრუბელი აივსება, წვიმაც იწვიმებს ქვეყანაზე; თუ დაეცა ხე სამხრეთში ან ჩრდილოეთში, სადაც დაეცა, იქვე დარჩება.
4 ვინც ქარს აკვირდება, ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერას მოიმკის.
5 როგორც არ უწყი გზა ქარისა და როგორ ისახება ძვლები სავსე მუცელში, ასევე არ უწყი საქმენი ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა.
6 დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა; იქნებ ორივე ერთნაირად კარგი გამოდგეს.
7 ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა.
8 თუნდაც მრავალი წელი იცოცხლოს კაცმა და იმხიარულოს, ახსოვდეს, რომ მრავლად იქნება შავი დღეები; ყველაფერი, რაც მოვა, ამაოა.
9 იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი.
10 უკუიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ, რადგან ბავშვობაც და სიყმაწვილეც ამაოა და წარმავალი.